ჯანმრთელობის საკითხში რამდენადაც გულმოდგინე დამოკიდებულება არ უნდა გამოვავლინოთ, ზოგჯერ არსებობს მოულოდნელ სიტუაციებთან შეხვედრის ალბათობა. ენდომეტრიოზმა კი შეიძლება საქმეები არა მხოლოდ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, არამედ ემოციურად ძლიერი ყოფნის თვალსაზრისითაც უფრო რთული გახადოს. ემოციური მედეგობა ენდომეტრიოზის მქონე პაციენტებისთვის გამკლავების მნიშვნელოვანი მექანიზმია.
ემოციური მედეგობა შეიძლება განისაზღვროს, როგორც უნარი, გაუძლო და შეეგუო ცხოვრების განმავლობაში შემხვედრ სხვადასხვა სტრეს-ფაქტორს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ემოციური მედეგობა არის დაავადებასთან, პირად მოვლენასთან ან მოულოდნელ პირად ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებულ ტრავმასა და სტრესთან ადაპტაციის პროცესი.
თუმცა ემოციური მედეგობა არ ნიშნავს, რომ პაციენტი სტრესს არ განიცდის. ეს ძირითადად ეხება ჯანსაღი გამკლავების მექანიზმების ჩამოყალიბებას, რომლებიც არ დაუშვებენ, რომ ამ სტრეს-ფაქტორებმა იმოქმედონ ცხოვრების ხარისხზე. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ემოციური მედეგობის ჩამოყალიბებისა და გაძლიერებისთვის საჭიროა დრო, ძალისხმევა და წარმატების მიღწევის სურვილი.
ენდომეტრიოზმა შეიძლება გამოიწვიოს ემოციური რყევები
ენდომეტრიოზის ემოციური ზეგავლენა ჩვეულებრივ იგრძნობა მოზარდობის დასაწყისიდანვე. ბევრი ახალგაზრდა გოგონა ფიქრობს, რომ მისი მენსტრუალური ტკივილი ნორმალურია, ტკივილგამაყუჩებლებით შეიძლება შემსუბუქდეს და დროთა განმავლობაში გაივლის, რის გამოც დიაგნოზი და მკურნალობა ჭიანურდება.
ენდომეტრიოზმა შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს ემოციურ ჯანმრთელობაზე და უარყოფითად იმოქმედოს ქალების ცხოვრების ხარისხზე. მართალია ენდომეტრიოზის მქონე პაციენტებში შეიძლება შეინიშნებოდეს საერთო სიმპტომები, მაგრამ თითოეული პაციენტის ემოციური მოგზაურობა და მისი ემოციური არეულობის გამკლავების სტრატეგია უნიკალურია. კონკრეტულად, დიდი განსხვავებებია იმაში, თუ როგორ უმკლავდებიან ადამიანები ტკივილს და როგორ გამოხატავენ საკუთარ თავს.
სოციალური ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა არ უნდა იქნას უგულებელყოფილი
ენდომეტრიოზის მქონე პაციენტთან ურთიერთობაში მყოფი ყველა ადამიანი შეიძლება არ იყოს პაციენტის მდგომარეობის მიმართ თანამგრძნობი. თუმცა გამგებ და მხარდამჭერ მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობამ შეიძლება ყველაზე მძიმე სიმპტომების დროსაც კი თავიდან აიცილოს პაციენტის თვითიზოლაცია.
ენდომეტრიოზმა შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა და დეპრესია. ამასთან გასამკლავებლად რეკომენდებულია ცხოვრების წესის შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. სასარგებლო შეიძლება იყოს უარყოფითი ფაქტორებისგან შეძლებისდაგვარად თავის არიდება და ცხოვრების მიზნის განსაზღვრა. ასევე შეიძლება მიმართვა ისეთ ტექნიკებს, როგორიცაა იოგა და მედიტაცია, რომლებსაც გონებაზე დამამშვიდებელი ეფექტი აქვთ.
ენდომეტრიოზის მქონე პაციენტმა ერთი მხრივ უნდა შეინარჩუნოს ცხოვრების ხარისხი, მეორე მხრივ კი თავის კომფორტულად შესაგრძნობად უნდა ჩამოაყალიბოს მუშაობისა და დასვენების რუტინა. არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება ჯანსაღი სხეულისა და გონებისთვის. ვინაიდან ენდომეტრიოზი ანთებითი დაავადებაა, სასარგებლო შეიძლება იყოს დაბალანსებული ანთების საწინააღმდეგო დიეტის დაცვა. ამ ჭრილში თავი უნდა ავარიდოთ ანთების გამაძლიერებელი გადამუშავებული საკვების, ალკოჰოლის, კოფეინის, გაზიანი და შაქრიანი სასმელების, რძის პროდუქტების, სოიოს, მარცვლეულისა და გლუტენის, ცხიმიანი საკვებისა და წითელი ხორცის მოხმარებას. ტკივილისა და ანთების შემცირებაზე ზრუნვა, თუმცა არ ანიკურნებს დაავადებას, ცხოვრების ხარისხის ამაღლებით შეიძლება ძალა შემატოს დაავადებასთან ბრძოლას.
