მიომა ქალის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის
მიომა არის არანორმალური, გლუვკუნთოვანი წარმონაქმნი, რომელიც საშვილოსნოსა და საშვილოსნოს ყელში ან მათ ირგვლივ ვითარდება. მან შეიძლება ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას და გამოიწვიოს პათოლოგიური საშოს სისხლდენა, უნაყოფობა ან სპონტანური აბორტები.
მიუხედავად იმისა, რომ ხალხში სიმსივნე კიბესთან ასოცირდება, მიომის კიბოდ გადაქცევის ალბათობა საკმაოდ დაბალია. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ავთვისებიანი გახდომის, თუნდაც მცირე, შესაძლებლობა არსებობს და მეთვალყურეობას არ უნდა ვუგულებელყოფდეთ. ზოგჯერ ის რუტინული გინეკოლოგიური გამოკვლევისას შემთხვევით აღმოჩნდება. რეპროდუქციული ასაკის ქალში აღმოჩენისას მან შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ყველაზე ხშირად 35-40 წლის ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება. მოზარდობისას მისი გამოვლენა ძალზე ნაკლებსავარაუდოა, მაგრამ სიხშირე ასაკთან ერთად იზრდება.
რადგან მიომა ჰორმონდამოკიდებულია, ის ესტროგენის ზემოქმედებით იზრდება და ეს ზრდა ორსულობის დროსაც შეიძლება გაგრძელდეს. ორსულობისას მან შეიძლება ტკივილიც გამოიწვიოს და დეგენერაციად წოდებული ცვლილების გამო ულტრაბგერაზე განსხვავებულად გამოჩნდეს. თუმცა ეს ყოველთვის არ ხდება. მეორე მხრივ, სწორედ ამ ჰორმონდამოკიდებულების შედეგად, მენოპაუზის შემდეგ ესტროგენის შემცირების გამო ისინი შეიძლება დაპატარავდნენ.
მიომა, რომელიც ჩვეულებრივ სხვადასხვა სიმპტომით ვლინდება, ზოგჯერ სრულიად უსიმპტომოა და რუტინულ შემოწმებაზე შემთხვევით აღმოჩნდება. სწორედ ამიტომ მიომის ადრეული დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია ყოვლისმომცველი და რეგულარული გინეკოლოგიური გამოკვლევა.
მიომის სიმპტომები
- უხვი სისხლდენა მენსტრუაციის დროს,
- ანემია,
- სავსების შეგრძნება მუცელსა და მენჯში,
- ძლიერი ტკივილი სქესობრივი აქტის დროს,
- ტკივილი წელსა და კუდუსუნში,
- შარდვის ხშირი სურვილი,
- მილების გაუვალობა (ზოგიერთ შემთხვევაში)
- ყაბზობა
მიომამ შეიძლება ზომის, რაოდენობისა და ზრდის ტემპის მიხედვით სხვადასხვა პრობლემა გამოიწვიოს. ყოველ ქალს შეიძლება განსხვავებული სიმპტომები, განსხვავებული სიმძიმით აღენიშნოს.
როდესაც ისინი მძიმე სიმპტომებს იწვევენ და პაციენტის ყოველდღიურ ცხოვრებას უშლიან ხელს, შეიძლება ოპერაცია გახდეს საჭირო. მიომის ქირურგიულად ამოღება შესაძლებელია, მაგრამ ოპერაციის შემდეგ განმეორების რისკი არსებობს. სანტიმეტრზე ნაკლები მიომები ოპერაციის შემდეგაც შეიძლება დარჩეს და დროთა განმავლობაში გაიზარდოს.
თუ მიომები მცირე ზომისა და უსიმპტომოა, შესაძლებელია მათი ოპერაციის გარეშე ახლო მეთვალყურეობა. მიომებისთვის, რომლებიც სერიოზულ პრობლემებს არ იწვევენ, კლინიკური დაკვირვება საკმარისი შეიძლება იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ მიომები ზრდას აგრძელებენ, ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. გვიან დიაგნოსტირებისას ისინი შეიძლება ძალიან დიდი ზომის იყოს ან სერიოზული კლინიკური ჩივილები გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევებში ქირურგიული ჩარევა გარდაუვალი ხდება.
ქირურგიულ მკურნალობაში ღია ოპერაცია აუცილებელია?
დღესდღეობით მიომის ქირურგიული მკურნალობისთვის ხშირად გამოიყენება მინიმალურად ინვაზიური ტექნიკები. თუ მიომა საშვილოსნოს შიდა შრესთან ახლოსაა, სრულდება ჰისტეროსკოპია; თუ კი ის უფრო დიდია და ღრმად მდებარეობს, უპირატესობა ენიჭება ლაპაროსკოპიულ ოპერაციას. ბოლო წლებში მიომებისთვის წარმატებით და ხშირად ტარდება რობოტის დახმარებით შესრულებული ოპერაციები.
მიომის ოპერაციისას საშვილოსნო უნდა ამოიკვეთოს?
პასუხი ცალსახაა: არა. მიომის მრავალ შემთხვევაში საშვილოსნოს შენარჩუნება შესაძლებელია. თუმცა ასეთ შემთხვევებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ქირურგიული ტექნიკის შემსრულებელი ქირურგის გამოცდილებაა. საშვილოსნოშენარჩუნებულ პაციენტებში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პოსტოპერაციული მეთვალყურეობა.