მართალია, მენოპაუზას ქალები ჩვეულებრივ შიშის მომგვრელ პერიოდად აღიქვამენ, სინამდვილეში ეს ის პერიოდია, რომლის კომფორტულად გატარებაც სწორი ნაბიჯების გადადგმისას შესაძლებელია. მენოპაუზა ნიშნავს მენსტრუალური ციკლის დასრულებასა და მასთან დაკავშირებულ რეპროდუქციული უნარის დაკარგვას.
მართალია, ცნობილია, რომ ქალებში მენოპაუზის ასაკი 45-დან 55 წლამდეა, არსებობს ძალიან იშვიათი შესაძლებლობა, რომ ის 40 წლამდე დაიწყოს.
მენოპაუზის სიმპტომები
მენოპაუზის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომი სიცხის უეცარი აფეთქების შეგრძნებაა. ეს შეგრძნება ხშირად მენოპაუზამდე იწყება და მენოპაუზის დაწყებიდან სამ წლამდე შეიძლება გაგრძელდეს.
გარდა ამისა, მენოპაუზის ან მოახლოებული მენოპაუზის ნიშნად უნდა მივიჩნიოთ მენსტრუალური ციკლის დარღვევები და მენსტრუაციებს შორის ინტერვალის გახანგრძლივება. ამ პერიოდში ჰორმონული ცვლილებები ნორმად ითვლება. შეიძლება განვითარდეს ისეთი პრობლემები, როგორიცაა საჭმლის მონელების გაძნელება, ხოლო ორგანიზმი წონის მატებისკენ მიდრეკილი გახდეს.
ზოგიერთ ქალს მენოპაუზასთან ერთად შეიძლება დეპრესიის მსგავსი სიმპტომები აღენიშნოს. ადამიანისთვის ნორმალურია, რომ თავი დათრგუნულად იგრძნოს. მართალია, დათრგუნული განწყობის კლინიკურ დეპრესიად გადაქცევის ალბათობა ძალიან დაბალია, ის ყურადღებით უნდა შეფასდეს.
მენოპაუზასთან ერთად მოსულ ემოციურ ცვლილებებს ისიც ამძიმებს, რომ ზოგიერთი ქალი თავს „აღარ თვლის ქალად“ ან „არასრულფასოვნად“ გრძნობს. სამწუხაროდ, ამ პერიოდში საშოს სიმშრალე და ლიბიდოს (სქესობრივი ლტოლვის) დაქვეითებაც შეიძლება ამ უარყოფით შეგრძნებებს უწყობდეს ხელს. რა თქმა უნდა, არცერთი ეს წარმოდგენა სინამდვილეს არ ასახავს.
როგორ ვაკონტროლოთ მენოპაუზა?
ოსტეოპოროზი მენოპაუზაში მყოფი ქალების გავრცელებული პრობლემაა. ამიტომ ჯანსაღი შუა ასაკის უზრუნველსაყოფად აუცილებელია საჭირო ზომების მიღება.
ოსტეოპოროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის რეგულარული ვარჯიში, ჯანსაღი კვება და ჩვენების არსებობისას მედიკამენტების მიღება ქალებს კომფორტული მენოპაუზის გატარებაში ეხმარება. ძალიან მნიშვნელოვანია, ქალებს ავუხსნათ, რომ ნაყოფიერების დაკარგვა ამ პერიოდის ნორმალური შედეგია, და დავარწმუნოთ, რომ გამრავლება მათი ერთადერთი როლი არ არის ცხოვრებაში.
ბევრად უფრო შემაშფოთებელია მდგომარეობა იმ ქალებისთვის, რომლებსაც ადრეული მენოპაუზა 40 წლამდე ეწყებათ. კერძოდ, ამ დაუგეგმავმა მოვლენამ შეიძლება ქალების გეგმები შვილის ყოლასა და დედობაზე ჩაშალოს.
სწორედ ამიტომ ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგულარული გინეკოლოგიური გამოკვლევები, განსაკუთრებით 30 წლის ასაკს მიახლოებისას.
ადრეული მენოპაუზის დიაგნოსტიკა ადრეულ ეტაპზე სხვადასხვა გამოკვლევითაა შესაძლებელი და ადრეული დიაგნოსტიკით უარყოფითი სიტუაციების თავიდან აცილება შეიძლება. ამგვარად, ქალებს შეუძლიათ ცხოვრება უფრო სწორად დაგეგმონ და იმედგაცრუება აირიდონ.
დასკვნის სახით, მენოპაუზა ქალის ცხოვრების განსაკუთრებული პერიოდია. საჭირო მეთვალყურეობისა და ამ პერიოდში მათთვის აუცილებელი მხარდაჭერის უზრუნველყოფა ქალებს მენოპაუზას შიშის მომგვრელი კი არა, ბუნებრივი პერიოდის სახით გამოაცდევინებს.