შარდის შეუკავებლობის პრობლემა ბევრი ქალის ცხოვრებას კოშმარად აქცევს. ყოველ 100 ზრდასრულ ქალში 30-ს შარდის შეუკავებლობის პრობლემა აღენიშნება. შარდის შეუკავებლობის მიზეზის დადგენის შემდეგ მნიშვნელოვანია საჭირო ზომების მიღება.
შარდის შეუკავებლობა შეიძლება გამოწვეული იყოს საშვილოსნოს ან შარდის ბუშტის ჩამოშვებით, მენჯის კუნთების ისეთი დაუძლურებით, რომელიც სერიოზულ პრობლემებს არ იწვევს, ან შარდის ბუშტზე მოქმედი რომელიმე წარმონაქმნით.
შარდის შეუკავებლობის პრობლემის დროს ვარჯიშის კეთება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცხოვრების ხარისხის ასამაღლებლად, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში საშვილოსნოს ან შარდის ბუშტის ჩამოვარდნის თავიდან ასაცილებლადაც.
კეგელის ვარჯიშებით ცხოვრება უფრო ხარისხიანია
მენჯის არეში მდებარე კუნთები ამაგრებს სასქესო ორგანოებს, ნაწლავებსა და შარდის ბუშტს. ამ არეში არსებული კუნთები დროთა განმავლობაში კარგავენ თავიანთი ფუნქციის წარმატებით შესრულების უნარს და თანდათან სუსტდებიან.
იმისთვის, რომ კუნთებმა არ დაკარგონ ძალა და გააგრძელონ თავიანთი ფუნქციის შესრულება, კეგელის ვარჯიშები ძალზე მნიშვნელოვანია. ამ ვარჯიშების მიზანია სასქესო არეში მდებარე კუნთების კონტროლის უზრუნველყოფა და, შესაბამისად, შარდის შეუკავებლობის მსგავსი პრობლემების თავიდან აცილება. მენჯის კუნთების მუდმივად ძლიერი და მოქნილი შენარჩუნებისკენ მიმართული ვარჯიშებით შეგიძლიათ თვალსაჩინოდ გააუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
როგორ სრულდება კეგელის ვარჯიშები?
შარდვის ან დეფეკაციის დროს ამოქმედებული კუნთები სწორედ ის კუნთებია, რომლებიც კეგელის ვარჯიშის დროს უნდა ამუშავდეს. ამიტომ საჭიროა ისწავლოთ თქვენი სხეულის მოსმენა და კუნთების მოძრაობების მიბაძვა. შარდვის ან დეფეკაციის დროს კუნთების კონტროლით ერთხელ შეაჩერეთ ნაკადი და შემდეგ განაგრძეთ.
ამის საშუალებით შეგიძლიათ შეამოწმოთ, შეგიძლიათ თუ არა შარდის შეკავება. ამის შემდეგ კი ეს მოძრაობა ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართეთ. ამ მოძრაობას ადვილად შეძლებთ შესრულებას ფეხზე დგომის, ჯდომისა და წოლის დროსაც. კუნთები რეგულარული ინტერვალებით შეკუმშეთ და მოადუნეთ.
ამცირებს საშვილოსნოსა და შარდის ბუშტის ჩამოვარდნის რისკს
კუნთები 5-5 წამიანი პერიოდებით ყოველდღე 10-10-ჯერ, 3 სეტად შეკუმშეთ. გარკვეული პერიოდის შემდეგ შეგიძლიათ გაზარდოთ სეტების და თითოეულ სეტში მოძრაობების რაოდენობა.
გარდა ამისა, კეგელის ვარჯიშების საშუალებით, რომელთა შესასრულებლადაც არც დროის დახარჯვაა საჭირო და არც რაიმე მომზადება, შარდის შეუკავებლობის პრობლემას თავიდან აიცილებთ და კუნთების გაძლიერებით გრძელვადიან პერსპექტივაში საშვილოსნოსა და შარდის ბუშტის ჩამოვარდნის რისკსაც შეამცირებთ.
კეგელის ვარჯიშების შესრულებისას საჭიროა თავი შორს დაიჭიროთ იმ მოძრაობებისა და მდგომარეობებისგან, რომლებიც მენჯის კუნთებს ზედმეტად ტვირთავს. შეკრულობა იწვევს მენჯის კუნთების დასუსტებას, ხოლო აერობული ვარჯიშები, ორსულობა, სტრესი, სიმსუქნე, შარდმდენი კურსები და მედიკამენტები ასევე შეიძლება გახდეს ამ კუნთების ძალის დაკარგვის მიზეზი. ამიტომ კუნთების გასაძლიერებლად ძალზე მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის მოწესრიგებაც.
