სასირცხვო ნერვის კომპრესია ქრონიკული მენჯის ტკივილის იშვიათი და ძნელად დიაგნოსტირებადი მნიშვნელოვანი მიზეზია. მეცნიერულ სამყაროში ასევე ცნობილია, როგორც „ალკოკის არხის სინდრომი“. სასირცხვო ნერვის კომპრესია აღნიშნავს პათოლოგიურ, ძალიან ძლიერ ტკივილს, რომელიც წარმოიქმნება სასირცხვო ნერვის მისი ანატომიური გზის მიმდინარეობისას შეკუმშვის შედეგად.
რა არის ალკოკის არხის სინდრომი?
ნერვი ხშირად შეიძლება შეიკუმშოს იოგებს (საკრუსპინალურ და საკროტუბერულ იოგებს) შორის გავლისას; თუ ის შეიკუმშება პუდენდალური არხის, ანუ ალკოკის არხის გავლისას, ამას „ალკოკის არხის სინდრომს“ უწოდებენ.
რა ჩივილები აქვთ პაციენტებს?
ეს ტკივილი გამოვლინდება იმ არეებში, რომლებსაც სასირცხვო ნერვი ან მისი ტოტები ამარაგებს. ეს არეები ქალებში არის კლიტორი, მონს პუბისი (გენიტალური თმიანობის ადგილი), ვულვა, საშოს ქვედა 1/3 ნაწილი და ბაგეები. თუმცა ჩვეულებრივ ტკივილი, თუმცა ცალმხრივია, შეიძლება იგრძნობოდეს მთელს მენჯის ძვალში.
სიმპტომები შეიძლება უეცრად დაიწყოს ან დროთა განმავლობაში თანდათან გაძლიერდეს. ჩვეულებრივ ტკივილი დღის განმავლობაში თანდათან მატულობს და ჯდომისას უარესდება. ტკივილი, იმის მიხედვით თუ რომელი ნერვის ტოტებია დაზიანებული, შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი. თუმცა კლინიკურად ჩვეულებრივ ცალმხრივი სომატური ტკივილის სახით გვხვდება. ამ არეებში კანი შეხებასა და ზეწოლაზეც შეიძლება გახდეს ჭარბად მგრძნობიარე.
რა არის მისი ნიშნები?
შესაძლო სიმპტომებს შორისაა წვა, დაბუჟება, მგრძნობელობა, დენის დარტყმის ან დანის ჩარტყმის მსგავსი ტკივილი, საშოსა და სწორ ნაწლავში უცხო სხეულის ან სიმსივნის შეგრძნება, გრეხვის, შეკუმშვის შეგრძნება, ყაბზობა, ტკივილი ნაწლავის მოძრაობისას, წვა შარდვისას, ტკივილი სქესობრივი კავშირისას, სექსუალური ფუნქციის დარღვევა და მგრძნობელობის დაკარგვა.
რა არის ამ მტკივნეული დაავადების მიზეზი?
მიზეზთა შორისაა მენჯის არეში განმეორებადი მექანიკური ტრავმა (ხანგრძლივი ჯდომა, მრავალწლიანი ველოსიპედით სიარული, სიმძიმეების აწევა), მძიმე ორსულობა, რთული მშობიარობა, ანთებითი ან აუტოიმუნური დაავადება, ენდომეტრიოზი, განმეორებადი ინფექცია, მენჯის არეზე ზემოქმედი ტრავმა — დაცემა ან ოპერაცია. თუმცა შეიძლება არც არსებობდეს რაიმე ცხადი კლინიკური ანამნეზი.
