რომელი გინეკოლოგიური პრობლემები იწვევს მტკივნეულ მენსტრუაციას (დისმენორეას)? ჯანმრთელ მენსტრუალურ ციკლში, მენსტრუაციის პირველ ერთ-ორ დღეს სისხლდენა უფრო ძლიერია. ამ პერიოდში კი ტკივილები ჩვეულებრივ მსუბუქია.
თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში წარმოქმნილი ტკივილები იმდენად ძლიერია, რომ ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობებს. ამ მდგომარეობას „დისმენორეა (მტკივნეული/ძლიერი მენსტრუაცია)“ ეწოდება. ქალთა დაავადებებისა და მეანობის სპეციალისტმა დოც. დ-რმა Taner Usta-მ დისმენორეას გამომწვევ გინეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით ძალზე სასარგებლო ინფორმაცია გაგვიზიარა.
რა არის მტკივნეული მენსტრუაციის (დისმენორეას) სიმპტომები?
საშოდან სისხლდენის პირველი დღიდან იწყება მენსტრუალური ციკლი. სისხლდენის მანძილზე საშვილოსნო ძლიერად იკუმშება, რაც ტკივილს იწვევს.
საშვილოსნოში მომატებული პროსტაგლანდინის დონე იწვევს საშვილოსნოს კიდევ უფრო ძლიერ შეკუმშვას. თუ წარმოქმნილი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილშია, კრამპისებრი ხასიათისაა და თან ახლავს თავის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება და თავბრუსხვევა, ეს მტკივნეული მენსტრუაციის (დისმენორეას) ნიშანია.
ბევრი ფაქტორი არსებობს
დისმენორეას ბევრმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. მათი უმეტესობა საშვილოსნოს შიდა დაავადებებია. ისეთი დაავადებები, როგორიცაა საშვილოსნოს შიდა შრის საშვილოსნოს გარეთ დამკვიდრებით წარმოქმნილი ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს კედლებში წარმოქმნილი მიომები, საშვილოსნოს შიდა ქსოვილის კუნთოვან შრეში გავრცელებით გამოწვეული ადენომიოზი, სასქესო ორგანოების ინფექციით გამოწვეული მენჯის ანთებითი დაავადება, დისმენორეას ძირითად მიზეზებს შორისაა.
გარდა ამისა, ორსულობის საწინააღმდეგო მეთოდად საშვილოსნოსშიდა საშუალების გამოყენებამ, სასქესო ორგანოებში წარმოქმნილმა შეხორცებებმა, საკვერცხის კისტებმა და პრემენსტრუალურმა სინდრომმა შეიძლება გამოიწვიოს დისმენორეას განცდა. ეს ყველაფერი მიიჩნევა მეორეულ დისმენორეად, რადგან ამ შემთხვევაში დისმენორეა რომელიმე დაავადებასთანაა დაკავშირებული.
დისმენორეას მკურნალობა
დისმენორეა იყოფა ორ ტიპად: „პირველადი“ და „მეორეული“. ბუნებრივი პროსტაგლანდინის გამოყოფით წარმოქმნილ ტკივილებს პირველადი ეწოდება, ხოლო რომელიმე დაავადებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ ტკივილებს — „მეორეული“.
პირველადი დისმენორეას მკურნალობა ზოგადად მიმართულია ტკივილის მოხსნისკენ ან კონტროლის ქვეშ მოქცევისკენ. ამისთვის შერჩეულია სხვადასხვა კუნთის მამოდუნებელი ან ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები. უფრო მძიმე შემთხვევებში კი ჰორმონული თერაპია ეხმარება ტკივილების კონტროლის ქვეშ მოქცევაში. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (ტკივილგამაყუჩებლები) გამოიყენება საშვილოსნოში პროსტაგლანდინის გამომუშავების ჩასახშობად.
მეორეული დისმენორეას მკურნალობა კი მიმართულია დისმენორეას გამომწვევი დაავადების აღმოფხვრისკენ. როცა ტკივილის გამომწვევი დაავადება აღმოიფხვრება, ამავდროულად ქრება დისმენორეაც.
დოც. დ-რი Taner Usta
ქალთა დაავადებებისა და მეანობის სპეციალისტი
www.drtanerusta.com
Instagram: @drtanerusta
Facebook: @drtanerusta
YouTube-drtanerusta
