2005 წელს Da Vinci ქირურგიულმა სისტემამ გინეკოლოგიურ დაავადებებში გამოყენებისთვის FDA-ს ნებართვა რომ მიიღო, რობოტული დახმარებით ჩატარებული მინიმალურად ინვაზიური ოპერაციები მსოფლიოში სწრაფად დაიწყო გავრცელება.
კონვენციურ ლაპაროსკოპიულ ოპერაციებთან მსგავსად, რობოტული ქირურგია გაუმჯობესებულ პერიოპერაციულ შედეგებთან ერთად, პაციენტის ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოში ყოფნის ხანგრძლივობის შემცირებასა და უფრო ხარისხიან გამოჯანმრთელების პროცესს უზრუნველყოფს.
რობოტული ქირურგია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კლასიკური ლაპაროსკოპიული მეთოდისთვის დამახასიათებელ შეზღუდვებს, როგორიცაა ორგანზომილებიანი ხედვა, კამერის სიზუსტე, ლაპაროსკოპიული ინსტრუმენტებისთვის შეზღუდული მოძრაობის არეალი და ქირურგის არაკომფორტული ერგონომიული პოზიცია. რობოტის დახმარებით ჩატარებულ ამ მიდგომაში, ამასთანავე, პაციენტის მიერ ოპერაციის დროს ან მის შემდეგ გართულების განცდის რისკიც მინიმუმამდეა დაყვანილი.
ინფექციის რისკი მინიმალურია
ჩატარებული კვლევების თანახმად, რობოტის დახმარებით ჩატარებულ ოპერაციებს ღია მეთოდებთან შედარებით მრავალი უპირატესობა აქვს. რობოტული ქირურგიის მეთოდში სისხლის დაკარგვა ნაკლებია, რაც ოპერაციის დროს პაციენტის სისხლზე მოთხოვნილებას ამცირებს.
გარდა ამისა, ისეთი გართულებების სიხშირე, როგორიცაა ღრმა ვენების თრომბოზი, ინფექცია, ლიმფოცელე, ჰემატომა და ანასტომოზის უკმარისობა, ღია და ლაპაროსკოპიულ ოპერაციებთან შედარებით გაცილებით დაბალია. ოპერაციისთვის გაკეთებული ჭრილის სიმცირისა და მინიმალურად ინვაზიური, ანუ პაციენტზე მინიმალური ჩარევის წყალობით, სისხლდენისა და ინფექციის მსგავსი გართულებების თავიდან აცილება ადვილად შესაძლებელია.
ოპერაციის შემდგომი პერიოდი რობოტული ქირურგიის შემთხვევაში
რობოტული ქირურგიით ჩატარებულ ოპერაციებში ოპერაციის შემდგომი პერიოდი სხვა ოპერაციებთან შედარებით გაცილებით კომფორტულია და გამოჯანმრთელება მოკლე დროში ხდება. რადგან პაციენტის ორგანიზმში ჩარევა მინიმალურ დონეზეა შენარჩუნებული (ზედმეტი მანიპულაცია და მოძრაობა შემცირებულია), გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს.
გინეკოლოგიურ ოპერაციებში ჩატარებული კვლევების თანახმად, რობოტული ქირურგიით ჩატარებული ოპერაციების შემდეგ, როგორც ადრეულ, ისე გვიან პერიოდში, მეორე ხარისხის გართულებების სიხშირე 2.9%-ია. ეს გართულებები, რომლებიც შარდგამომყოფი გზების ინფექციის, მენჯის ანთების ან ჭრილობის ინფექციის სახით ვლინდება, მიჩნეულია ისეთ გართულებებად, რომლებიც თითქმის ყველა ოპერაციის შემდეგ გვხვდება და ანტიბიოტიკებით მოკლე დროში განიკურნება. თუმცა ისინი საკმაოდ იშვიათად გვხვდება.
მესამე ხარისხის გართულებების სიხშირე კი 0.7%-ია. ამიტომ რობოტის დახმარებით ჩატარებული გინეკოლოგიური ოპერაციები ძალზე უსაფრთხოდ ითვლება.
