მენსტრუალური ციკლის დარღვევა პრობლემაა, რომელსაც ბევრი ქალი უგულებელყოფს, მაგრამ ის ძალიან სერიოზული დაავადებების სიმპტომი შეიძლება იყოს. რეგულარული მენსტრუაცია ქალის ორგანიზმში მრავალი სისტემის სწორად ფუნქციონირების მაჩვენებელია.
მეან-გინეკოლოგმა Doç. Dr. Taner Usta-მ საკმაოდ სასარგებლო განმარტებები გააკეთა მრავალი ქალის პრობლემის, მენსტრუალური ციკლის დარღვევის შესახებ. მეან-გინეკოლოგმა Doç. Dr. Usta-მ ჩვენთვის განმარტა ყველა დეტალი, სიმპტომებიდან მიზეზებამდე.
მენსტრუალური ციკლის დაწყების პირველ წლებში ციკლის არარეგულარულობა ნორმალურია. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგაც გაგრძელებული დარღვევების შემთხვევაში საჭიროა მეთვალყურეობა. მენსტრუალური ციკლის რეგულარულობა მიანიშნებს, რომ საშვილოსნო, საკვერცხე, საშო და ვულვა ჯანსაღად ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს. გარდა ამისა, თირკმელზედა ჯირკვლების, ჰიპოფიზის ჯირკვლისა და ჰიპოთალამუსის არეს ნორმალური ფუნქციონირება საჭიროა რეგულარული მენსტრუალური ციკლისთვის.
ყურადღება სიმპტომებს!
მენსტრუალური ციკლის დარღვევის განსაზღვრისას ქალები, ჩვეულებრივ, აღიქვამენ იმ მდგომარეობას, როცა ორ მენსტრუალურ პერიოდს შორის დროის მონაკვეთი მოსალოდნელზე გრძელია, თუმცა სინამდვილეში ორ მენსტრუალურ პერიოდს შორის 21 დღეზე ნაკლები დროის მონაკვეთიც დარღვევაზე მიანიშნებს.
21 დღეზე ნაკლები და 35 დღეზე მეტი მენსტრუალური ციკლის ინტერვალები დარღვევის ნიშანია. გარდა ამისა, მენსტრუალური სისხლდენის რაოდენობა, სისხლდენის 8 დღეზე მეტ ხანს გაგრძელებაც უნდა ჩაითვალოს დარღვევის სიმპტომად.
40 წლის შემდეგ დაწყებული დარღვევები მენოპაუზად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ მენოპაუზის პერიოდის დაწყება 55 წლამდეც არის შესაძლებელი.
პირმა მენოპაუზის დიაგნოზის თავად დასმამდე აუცილებლად უნდა მიმართოს გინეკოლოგს გასინჯვისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი ქალისთვის რეგულარული გინეკოლოგიური გასინჯვა 20-იანი წლების დასაწყისიდანვე ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელთა შორისაა.
არ უნდა აგერიოთ მენსტრუაციის არქონაში!
მენსტრუალური ციკლის დარღვევა არ უნდა აგერიოთ მენსტრუაციის დაგვიანებაში (არქონაში). დაგვიანება შეიძლება ორსულობაზე მიანიშნებდეს. სულ მცირე ორ მენსტრუალურ ციკლში წარმოქმნილი შეფერხებები უნდა იქნას განხილული როგორც დარღვევა.
მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზები?
სტრესმა, ჰორმონულმა დარღვევებმა, მედიკამენტების მიღებამ, უეცარმა მკვეთრმა წონის დაკლებამ ან მატებამ, ჭარბმა ფიზიკურმა დატვირთვამ, სხეულის მასის ძალიან დაბალმა ინდექსმა (Body Mass Index: BMI) შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
მენსტრუალური ციკლის დარღვევა გინეკოლოგიური კიბოს სიმპტომიც შეიძლება იყოს, განსაკუთრებით საშვილოსნოს ყელის კიბოსი ან საშვილოსნოს კიბოსი. გარდა ამისა, ღვიძლის დაავადებებმაც, დიაბეტმა ან კლინიკურმა დეპრესიამაც შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომიც (PKOS) და შოკოლადის კისტაც მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზებს შორისაა. ყოველი ქალის მენსტრუალური ციკლის დარღვევა ცალკე უნდა იქნას შესწავლილი. რადგან ეს პრობლემა საკმაოდ დეტალურ გამოკვლევას საჭიროებს და განსაკუთრებით კიბოს შემთხვევებში ადრეული დიაგნოსტირებისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე პრობლემად უნდა იქნას განხილული.
