საშვილოსნოს ან საშვილოსნოს ყელის ქსოვილში წარმოქმნილ კუნთოვანი ქსოვილის ანორმალურ ზრდას მიომა ეწოდება. მიომა ქალებში საკმაოდ ხშირად გვხვდება. საშვილოსნოში მდებარე მიომეტრიუმად წოდებული კუნთების ჭარბი ზრდით გამოწვეულ ამ მდგომარეობაში ჩვეულებრივ ერთზე მეტი მიომა გვხვდება. მიომის წარმონაქმნის შემჩნევისას პირველი კითხვა, რაც ჩნდება, არის, იწვევს თუ არა ის უნაყოფობას. მართალია ყველა მიომის წარმონაქმნი არ იწვევს უნაყოფობას, თუმცა მდებარეობისა და ზომის მიხედვით შეიძლება ხელი შეუშალოს ორსულობის დადგომას. მიომების ნიშნები ასევე მათი მდებარეობის მიხედვით იცვლება. ამიტომ მიომის ნიშნების მქონე ქალებმა დროის დაკარგვის გარეშე უნდა მიმართონ ექიმს. მიომის რისკი განსაკუთრებით მაღალია იმ ადამიანებში, ვისი პირველი რიგის ნათესავებიც მიომით იტანჯებოდნენ.
მიომისა და უნაყოფობის ურთიერთკავშირი
მიომებმა ზრდის ადგილის მიხედვით შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა. სუბსეროზული ეწოდება მიომებს, რომლებიც საშვილოსნოს გარეთა ნაწილისკენ იზრდება და არანაირად არ აზიანებს ქალების რეპროდუქციულ სისტემას. თუმცა სუბმუკოზური ეწოდება მიომებს, რომლებიც იზრდება საშვილოსნოს შიდა ღრუსკენ და სწორედ ამიტომ იწვევს უნაყოფობას. ეს მიომები ავსებს საშვილოსნოს შიდა იმ ნაწილს, სადაც ორსულობა ვითარდება. მართალია ვერ ითქმის, რომ 100%-ით უნაყოფობას იწვევს, მაგრამ მნიშვნელოვნად ამცირებს ორსულობის შანსს. საშვილოსნოს კედლის შიგნით მზარდი, მაგრამ არც შიგნით და არც გარეთ ზრდის ნიშნების არმქონე მიომები კი მხოლოდ მაშინ ახდენენ უარყოფით გავლენას ორსულობის შანსზე, როცა 5 სმ-ს და მეტს აღწევენ.
მიომის ნიშნები
მიომის წარმონაქმნი ზოგადად ერთსა და იმავე ნიშნებს იძლევა. თუმცა წარმოშობის ადგილის მიხედვით ეს ნიშნები მცირედით შეიძლება განსხვავდებოდეს. მიომები ზოგადად იწვევენ ჭარბ სისხლდენას მენსტრუალურ პერიოდში. ეს სისხლდენები მენსტრუალური პერიოდების შემდეგაც შეიმჩნევა. სქესობრივი კავშირის გაძნელება და ძლიერი ტკივილი, ტკივილი წელის არეში, ხშირი შარდვის სურვილი, მუცლის ან საშვილოსნოს არეში შებერილობა მიომების ხშირად გვხვდები ნიშნებია. იშვიათად მიომები ზეწოლას ახდენენ ნაწლავებზე. ამ შემთხვევებში ყაბზობაც შეინიშნება. ზოგიერთ შემთხვევაში მიომები არანაირი ნიშნის გარეშე ვითარდება. ამიტომ რუტინულ გინეკოლოგიურ გასინჯვებზე შემთხვევით ვლინდება. სწორედ ამის გამო რეკომენდებულია განსაკუთრებით რეპროდუქციული ასაკის ქალებმა რეგულარულად ჩაიტარონ გინეკოლოგიური გასინჯვა.
